როდესაც ბრუნო არეცოში, მათ საერთო სახლში ბავშვების და მეუღლის სანახავად ბრუნდებოდა ხოლმე, ჩანთებში არაერთი სხვადასხვა მედიკამენტი ედო, მათ შორის გულის სამკურნალო პრეპარატი სახელად "მიკორენი" და გამაჯანსაღებელი საშუალება "კორტექსი". სააბაზანო ოთახში მდებარე პატარა კარადა მუდმივად ამ მედიკამენტებით იყო სავსე, წამლებით, რომლებიც მას ფლორენციიდან მოჰქონდა ხოლმე. გაბრიელა იხსენებს, რომ ღამღამობით მის ქმარს გული ხშირად არაბუნებრივად ჰქონდა აჩქარებული და მისი ფეხები თავისით მოძრაობდნენ, მაშინ, როცა მას თითქოს უნდა სძინებოდა. გაბრიელა ყვება, რომ მათ ამ საკითხზე საუბარი ჯიუტად არ სურდათ, რადგან ორივენი გუნდის ექიმებს გულუბრყვილოდ უცხადებდნენ ნდობას. წყვილი ახალგაზრდა და იმედებით სავსე იყო, ბრუნო კი გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე, რომლის ხელფასიც საკმაოდ მაღალი იყო. ბედნიერების, როგორც მათ ამ სიტყვის მნიშვნელობა ესმოდათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არცერთს სურდა და ამიტომაც ექიმების ნამოქმედარზე სერიოზულად არასდროს საუბრობდნენ.
ის, რომ 1985 წლის ზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს ბრუნოს სახლის ტერასაზე დგომისას კიდურების საშინელი ტკივილი დაეწყო და ამ ამბიდან რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ ლეიკემიის დიგანოზი დაუსვეს, თავიდან გაბრიელასთვისაც ბედისწერის მუხანათობას უკავშირდებოდა. მისი თქმით, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დრო იყო- ჩვენ, თანამოსაუბრენი ვერც კი ვხვდებით, ორი წლის განმავლობაში ბრუნოს მუდმივი უძლურების და აგონიის ატანას გულისხმობს თუ იმ დაუსრულებელ გაურკვევლობას, რომელთან შეხვედრაც მეუღლის სიკვდილის შემდეგ მოუხდა. ბრუნო რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო, როცა მან მართლმსაჯულების გზით წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მალევე მოუხდა იმის შეგნება, თუ რამდენად რთულია იმდენად გაბედული ადვოკატის პოვნა, რომელიც საფეხბურთო სამყაროს გავლენიან პირებს შეეჭიდებოდა. " შენ ალბათ ჭკუიდან შეიშალე" , -ეუბნებოდნენ გაბრიელას, - " ომერტა, დუმილის მცნება მაფიის წრეებზე უფრო მკაცრად საფეხბურთო საზოგადოებაში არის დაცული".
პროკურორმა ბოჩოლინიმ საბოლოოდ საგამოძიებო მოქმედებები იმ მიმართულებით დაიწყო, რომ ბრუნო ბეატრიჩეს არაბუნებრივად ნაადრევი გარდაცვალება მის მიერ სხეულის მუშაობის გამაუმჯობესებელი პრეპარატების მიღებასთან იყო უშუალო კავშირში. გამოძიების მუშაობის მსვლელობისას მან არამარტო "ფიორენტინას" გუნდში განხორციელებული დოპინგის "კურსების" შესახებ ფასდაუდებელი მნიშვნელობის ინფორმაციას მოიძია, არამედ ისიც გამოარკვია, რომ ერთ-ერთი შეხვედრაში ბრუნოს მიერ საზარდულის დაზიანების გამო გუნდის ექიმთა თათბირის შემდეგ მისთვის დასხივებითი მკურნალობის ჩატარება გადაწყდა. მიზეზი კი ის იყო, რომ 1975 წელს იმ სეზონის ეროვნული თასის ფინალში ფლორენციულ გუნდს "მილანის" წინააღმდეგ ჯანმრთელი ბეატრიჩე აუცილებლად გამოადგებოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რომელშიც გამოძიებამ შეძლო "მკურნალობის" მეთოდებსა და ავადმყოფის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას შორის უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა მოხერხდა. აქედან კი გამომდინარეობდა ბრალდება, რომლის მიხედვითაც სხივებით მკურნალობამ ბეატრიჩეს სიკვდილი გამოიწვია. მუშაობის ამ მიმართულებით გაღრმავებას იმან შეუშალა ხელი, რომ "ფიორენტინას" ექიმების მიერ იმ წლებში შედგენილი მთელი სამედიცინო დოკუმენტაცია რატომღაც დაიკარგა. 2009 წელს კი საგამოძიებო ღონისძიებების სრულად შეწყვეტა გახდა საჭირო, რადგან ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გავიდა. შესაბამისად არ გამართულა სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდება " სხეულის დაზიანება, რომელსაც შედეგად სიკვდილი მოყვა" ფლორენციული კლუბის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ მაცონეს და გუნდის ორ ექიმს ვერ წაუყენეს.
ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბრძოლა შეწყდა. მას " დოპინგის მსხვერპლთა გაერთიანება" აგრძელებს, რომლის წევრებიც ბოლომდე მისვლას აპირებენ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. ეს გაერთიანება 2006 წელს გაბრიელა ბეატრიჩემ, მისმა ორმა შვილმა და ადვოკატმა ოდოვიზიო ლომბარდომ დააარსა. სამოქალაქო სამართლის პროცესი, რომელიც მალე უნდა დაიწყოს, სავარაუდოდ უკეთესი შედეგის მომტანი იქნება. " იმას, რაც ჩემს ქმარს დამართეს, ფეხბურთის მესვეურებს ვერ ვაპატიებ. არ შემიძლია, ეს ოდესმე დავივიწყო და დამნაშავეებს შევუნდო " - გვეუბნება გაბრიელა.
ალესანდრო გალდიოლოს ბეატრიჩეს ქვრივისგან განსხვავებით მამის ავადმყოფობის დაბრალება არავისთვის სურს. განსაკუთრებულად არც ის აწუხებს, რომ სიმართლის გარკვევას არანაკლებ მძიმე დაავადებების მსხვერპლნი, მამამისის არაერთი ყოფილი თანაგუნდელი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების იგნორირებას არჩევს. " ნამდვილად ვიცი, რომ მამაშენი არაფერს იღებდა" - უთხრა მას წარსულში ცნობილმა მოთამაშემ, ჯანკარლო ანტონიონიმ. არადა სწორედ მანვე ბეატრიჩეს საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული ერთ-ერთი დაკითხვის დროს აღიარა, რომ "მიკორენი" და "კორტექსი" ფლორენციულ გუნდში ძალიან ხშირად გამოიყენებოდა. გარდა ამისა, 2003 წელს გარდაცვლილი ნელო სალტუტის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების თანახმად იმ ყავაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელსაც გასახდელში ფებურთელებს ასმევდნენ და რომლის მოქმედებაც ძალიან ჰგავს მილანური "ინტერის" ფეხბურთელებისთვის მიცემულ სასმლის მიღების შედეგად გამოწვეულ ეფექტს.
ის, რომ "მიკორენის" წითელი აბები გასახდელში მაგიდაზე დადებულ პატარა თეფშზე მართლაც ხვდებოდათ, "კარაბინერებს" თავად გალდიოლომაც დაუდასტურა. " ამ აბებს პირადად მე უპირველეს ყოვლისა ზამთარში, უშუალოდ თამაშების დაწყების წინ გუნდის ერთ-ერთი მასაჟისტის მითითებით ვიღებდი. ის მეუბნებოდა, რომ უკეთესად ვისუნთქავდი და თამაშში შესვლისთანავე აქტიურად ჩავერთვებოდი. მედიკამენტების მოწოდება გუნდს ევალებოდა " .
ასეთივე სიხშირით გამოიყენებოდა ინექციები და წვეთოვანი გადასხმები. 1974 წლიდან 1979 წლის ჩათვლით, როგორც გლადიოლო ირწმუნებოდა, ყოველი თამაშის წინ, კვირა დილით მას გუნდის მასაჟისტი სასტუმროს ოთახში შპრიცით "სუპრაკორტესს" უკეთებდა.
სამოცდაათიან წლებში ამ პრეპარატის სახელი აკრძალულთა სიაში არ შედიოდა, დღესდღეობით კი მიკორენის შემადგენლობაში არსებული, სუნთქვის მასტიმულირებელი აქტიური მოქმედი ნივთიერებების- კროტატამიდისა და კროპროპამიდის გამოყენება უკვე აღარ არის ნებადართული.
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ასევე აიკრძალა გამაძლიერებელი საშუალება "სუპრაკორტესი", რომელიც "კორტექსის" სახელითაც არის ცნობილი. ექიმები და მეცნიერები ამ პრეპარატების მრავალი წლის განმავლობაში გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას არ გამორიცხავენ. ადვოკატი ლომბარდოს აზრით , ბეატრიჩეს მიმართ განხორციელებულ დასხივების თერაპიას მკურნალობასთან არაფერი აქვს საერთო. ეს უბრალოდ იყო ყოვლად უპასუხისმგებლო მცდელობა, მოთამაშის ჯანმრთელობისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის მიუხედავად მას მნიშვნელოვან თამაშში მონაწილეობა მიეღო. ამ ნაბიჯების მიღმა ის მარტივ ლოგიკას ხედავს: ამ ლოგიკის მიხედვით სპორტული მიღწევები და წარმატებები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტსმენთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
ჯანკარლო გალდიოლო, ამ ლოგიკის მსხვერპლი, დღესდღეობით ლოგინში წევს, რადგან მოძრაობის უნარი სრულად აქვს წართმეული. მისი დაავადება უკურნებელია და ალესანდრო,მისი ორივე და-ძმა და ჯანკარლოს მეუღლე ოჯახის უფროსის მოვლაში ერთმანეთს ენაცვლებიან. ბოლოჯერ მისი ხმა ოჯახის წევრებმა რამდენიმე თვის წინ გაიგონეს- მას დაუნაწევრებელი და გაუგებარი ბოდვა აღმოხდა. რამდენიმე წლის წინ, როცა თავად უმცროსი გალდიოლო, ალესანდრო სამოყვარულო ფეხბურთში ძალების მოსინჯვას აგრძელებდა, მამამისმა და მან დოპინგის შესახებ დიდხანს ისაუბრეს. მამამ ალესანდროს მიმართა თხოვნით,არასდროს მიეღო რამე ნივთიერება,თუნდაც მის მიღებას მოედანზე მის მიერ ნაჩვენები შედეგი გაეუმჯობესებინა. ეს "ენერგიის მომცემ" შოკოლადის ბატონს და ევკალიპტის წვენზე დამზადებულ ბალზამსაც კი ეხებოდა, რომელსაც ალესანდრო სათამაშოდ გასვლის წინ ნესტოებთან ისვამდა. " იგი ჩემს მიერ ყავის დალევასაც კი ეწინააღმდეგებოდა" - იხსენებს ალესანდრო. იქნებ ჯანკარლოს სურდა, შვილს იმის თავიდან აცილებაში დახმარებოდა, რისგან თავის დაღწევაშიც მისთვის არასდროს არავის შეუწყვია ხელი? ალესანდრო უკიდურესად გაკვირვებული გვიყურებს და ამბობს, რომ მას ასეთი რამ აზრად ჯერაც არ მოსვლია.