Sunday, April 17, 2011

სანამ ჩვენ დაგვემშვიდობებოდეს,ალესანდრო გალდიოლო შარვლის ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და მარჯვენა ხელის ცერა თითის მსუბუქი მოძრაობით უახლოესი წარსულის ამსახველ ფოტოებს ხსნის. აი,წინა წლის კადრები,მისი ქორწილის დროს გადაღებული ფოტოები. ბედნიერებას ტრაგედიისგან აქ რამდენიმე კადრი აშორებს.ალესანდრო მამის ფოტოს ხსნის და მეუბნება : "შეხედე მის სახეს!".


ნიკაპი,ჯერაც ძალზე მამაკაცური,სახე კი სრულიად უსიცოცხლო.ჯანკარლოს უტყვი თვალები სიცარიელისთვის გაუსწორებია,ვერც კი ამჩნევს,რომ მისი სახეს ობიექტივი "უყურებს". " ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მეგობრებთან თამაშისას ისეთ მონდომებას იჩენდა, თითქოს გამარჯვებულს სკუდეტოს აძლევდნენ და მას შანსის ხელიდან გაშვების უფლება არ ჰქონდა"- ამბობს ალესანდრო, ფოტოების განყოფილებას ხურავს, შემდეგ კი გულდამძიმებული გვემშვიდობება.


სულ რაღაც ერთი საათით ადრე მას მრისხანების მოთოკვა დიდ ძალისხმევის ფასად თუ შეეძლო. ის რიმინის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ კასტროკაროში მდებარე საკუთარ სახლში იჯდა და ადგილობრივი გაზეთის ერთ-ერთ მთავარი სტატიის სათაურზე მიგვითითებდა : " გალდიოლო და ბოროტი ძალა წყვდიადიდან- აი,რა ნივთიერებების მიღებას მაიძულებდნენ". სათაურის ქვემოთ ჯანკარლოს ორი დიდი ფოტო დაუბეჭდავთ. აქაც კონტრასტი,აქაც საამაყო წარსული და პირქუში აწმყო. მარცხენა ფოტოზე სამოცდაათიანი წლები, ფლორენციული "ფიორენტინაში" მოთამაშე ერთ-ერთი საუკეთესო პერსონალური მეურვე, ხისტი მცველი, მარჯვნივ კარიერის დასასრულს კლუბის ლეგენდად აღიარებული, სერია ა-ში 229 თამაშის ჩამტარებელი გალდიოლო, შუაში კი ... შუაში თეთრ და წითელ ტაბლეტებს ვხედავთ, მათ ზემოთ სითხით სავსე შპრიცს- იარაღს ბოროტი ძალის ხელში.



დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რომ არამარტო 62 წლის ჯანკარლო გალდიოლოს და მისი არაერთი თანაგუნდელს, არამედ სერია ა-ს გუნდებში წარსულში მოთამაშე ბევრ ფეხბურთელს ექიმები გაურკვეველი შემადგენლობის ნივთიერებებით ჭყეპდნენ, რათა მათ მოედანზე უკეთესი შედეგი ეჩვენებინათ. გაიღებდა კი ჯანკარლო ასეთ მსხვერპლს, რომ სცოდნოდა, რომ ეს "წამლები" ჯანმრთელობას დაუსამარებდნენ? ამას ვერასდროს გავიგებთ, რადგან უკვე ერთი წელია მას აღარც ლაპარაკი შეუძლია.

ზაფხულში მას ჯერ ალცჰაიმერის მსგავსი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, შემდეგ კი ამიოტროპული ლატერალური სკლეროზი (შემოკლებით ალს) დაუდგინეს. ეს დაავადება არ იკურნება და კუნთების ფუნქციის სრულ მოშლას იწვევს. ალს-თი დაავადებულთა უდიდესი ნაწილის ორგანიზმი ძალიან სუსტდება, სასუნთქი გზები თანდათანობით მუშაობას წყვეტს და

ავადმყოფი იხრჩობა. ალესანდროს იმედი აქვს, რომ მამამისს ცნობიერების დაკარგვა მტანჯველ ტკივილებს შეუმსუბუქებს.



მიუხედავად იმისა, რომ დღესაც კი საბოლოოდ არ არის დამტკიცებული, რომ გალდიოლოს ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა მიერ მიღებული მედიკამენტებით მოქმედებით არის გამოწვეული, მისი ვაჟი ექიმებზე ძალზედ გაბრაზებულია. ალესანდრომ მოყვარული ფეხბურთელის კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა. გვიხსნის, თუ რატომ ბრაზობს : " ვერ დავუშვებ მამაჩემის სახელისთვის ლაფის სროლას. როგორ შეიძლება ის ვინმემ ჩვეულებრივ ნარკომანად წარმოაჩინოს? ". თავს უკმაყოფილოდ აქნევს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, თითქოს ორეულს ეძებს, რომელიც ყველაფერში დაეთანხმებოდა. " მამას ძალიან კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს იღებდა".



ამავე დროს ალესანდრომ მშვენივრად იცის, რომ მამამისს თითქმის ყოველი შეხვედრის წინ მედიკამენტებს ასმევდნენ ანაც უკეთებდნენ. არა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არამედ გამძლეობის და სისწრაფის გასაუმჯობესებლად. ხუთი წლის წინ, 2006 წლის მარტში ჯანკარლო გალდიოლომ ეს ყველაფერი თავად მოუყვა პოლიციელებს- მაშინ ის ნაადრევად გარდაცვლილი თანაგუნდელის, ბრუნო ბეატრიჩეს საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. თამაშების დაწყების წინ ექიმებს ლანგრებზე დაწყობილი წამლები გასახდელ ოთახში შეჰქონდათ და ისე აწვდიდნენ ფეხბურთელებს, თითქოს პიტნის არომატიან საღეჭ რეზინას სთავაზობდნენ. ზოგი დღესაც გულუბრყვილოდ იმ აზრზე დგას, რომ ეს ტაბლეტები და კაფსულები დოპინგს არ შეიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრო ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ არის, ფიქრობს, რომ თუ ამას ფეხბურთელთა უმრავლესობა აკეთებდა, ეს ნივთიერებები მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნიდა. იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ძირითადად ასე ხდება: სიმართლეს მხოლოდ ის თუ ამბობს, ვისაც რამე აქვს დასაკარგი- მაგალითად ცნობადობა,პოპულარობა,სამსახური ანაც ... მამის უმწიკვლო რეპუტაცია.

No comments: