Sunday, April 17, 2011

გარდა ამ შემთხვევებისა გალდიოლოს რამდენიმე სხვა ყოფილი თანაგუნდელიც,რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ასეთ "მკურნალობას" უნდა მივაწეროთ. ნახევარმცველი დომენიკო კასომ ღვიძლის სიმსივნისგან განიკურნა, მსოფლიო ჩემპიონმა ჯანკარლო ანტონიონიმ 2004 წელს გამართული ერთ-ერთი ამხანაგური თამაშისას ინფარქტი მიიღო, რომელსაც ექიმებმა მოგვიანებით "არანორმალური" უწოდეს. ევროპის ჩემპიონ ჯანკარლო დე სისტის ტვინში უცნაური ანთებითი ჩირქგროვა აღმოუჩინეს. სტეფანო ბორგონოვოს, რომელიც ფლორენციული კლუბის ღირსებას 1988-1992 წლებში იცავდა, სხვების მსგავსად ალს სჭირს. რადგან სარწმუნო და დასაბუთებული ახსნა ამდენი გარდაცვლილისა და მძიმედ დაავადებულის არსებობას ჯერაც ვერავინ მოუძებნა, ხალხში ამ შემთხვევებს უბრალოდ "ფიორენტინას წყევლა" უწოდეს.


" ახლა კი უბედურება ჩვენც დაგვატყდა თავს" - გაიფიქრა ალესანდრო გალდიოლომ, როდესაც გასული წლის ზაფხულში მამამისს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა მას უთხრეს, რომ ჯანკარლოს ეს დაავადება აუცილებლად დაემართებოდა, თუნდაც ის პროფესიონალი ფეხბურთელი არ ყოფილიყო. ეს კი საკმაოდ თამამი მტკიცებაა, რადგან ჯერჯერობით მედიცინის მკვლევარებმა იტალიაში მოთამაშე ყოფილ ფეხბურთელებს შორის მძიმედ დაავადების და გარდაცვალების შემთხვევების ესოდენ საგრძნობი გახშირების აშკარა მიზეზს ჯერ ვერ მიაგნეს. მკვლევარების ნაწილი შემთხვევის შესახებ საუბრობს, რადგან ავადმყოფობის მიმდინარეობის სურათთა მრავალფეროვნება ერთგვაროვანი მიზეზების არსებობას თითქმის გამორიცხავს. ტურინელი პროკურორი რაფაელე გუარინელო ამ საკითხის შესწავლით უკვე ათ წელზე დიდხანს არის დაკავებული. მან იტალიის ჩემპიონატის სამი (სერია ა,სერია ბ,სერია ც) დივიზიონის გუნდების შემადგენლობაში 1960-1996 წლებში მოასპარეზე 24000 ფეხბურთელის ბიოგრაფია და დაადგინა, რომ ქვეყნის მოსახლეობაში არსებულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით

კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაწლავის და ღვიძლის კიბოს შემთხვევები მათთან ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება. ყველაზე

დიდ გაოცებას კი ის ფაქტი იწვევს, რომ ამ 24000 მოთამაშეში დღემდე ალს-თი დაავადების ორმოცდაათზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, განსაკუთრებით ბევრი ფლორენციული კლუბის ყოფილ მოთამაშეთა შორის. ზოგადად კი ეს დაავადება 100000 ადამიანიდან მხოლოდ ერთს ემართება ხოლმე.


იტალია ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებიდან, სადაც ფეხბურთში დოპინგის გამოყენების წინააღმდეგ მკაცრი წესდება შეიმუშავეს. ეს წესდება ჯერ კიდევ სამოციანი წლების დასაწყისში შემოიღეს და აქცენტი აღმგზნები და ე.წ. "ენერგიის მომცემი" საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო დასმული. თუმცა მათ მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები როდი იღებდნენ: ინგლისში მოთამაშეები ბენზედრინს, გერმანიაში კი პერვიტინს იღებდნენ, თუმცა იმ დროს არც ერთი,არც მეორე მედიკამენტი აკრძალული საშუალებების სიაში არ შედიოდა. მოიხმარდნენ კი სხვა ქვეყნების პირველობებში მონაწილე მოთამაშეებზე ხშირად აკრძალულ პრეპარატებს იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელები? შესაძლოა, ასეც იყოს, რადგან გვიან გამოვლენილი სავალალო მოქმედების მხრივ საერთაშორისო შედარების შედეგების მოყვანა სწორედ ამ დასკვნის გაკეთების დაფუძველს იძლევა.



იქნებ ამ დაავადებების ძირითადი მიზეზი თავით ხშირი თამაში, კონკრეტული ადამიანების დაავადებათა მიმართ არსებული გენეტიკური განწყობა ან სპორტულ ბაზებზე მცენარეთა მავნებელთაგან დასაცავად გამოყენებული შხამქიმიკატებია? პროკურორმა გუარინელომ ყველა შესაძლო მიმართულებით იმუშავა, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის პოვნა და მდგომარეობისთვის ნათელის საბოლოოდ მოფენა ჯერაც ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, მეცნიერებამაც ეს საკითხი უფრო ღრმას უნდა შეისწავლოს. ფლორენციაში გამართულ ალს-სადმი მიძღვნილ ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე იმასთან დაკავშირებული ვარაუდიც კი გამოითქვა, რომ შესაძლოა, ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ფლორენციულად მომზადებული დაბეგვილი შემწვარი ხორცი ახდენდეს.


" მიუხედავად ყველაფრისა, ვვარაუდობ, რომ ამ უმძიმესი სტატისტიკის მიზეზი პირველყოვლისა პროფესიულ ფეხბურთში გამოყენებულ მედიკამენტებში უნდა ვეძიოთ"- ამბობს ფლორენციელი პროკურორი ლუიჯი ბოჩოლინი, - "წინააღმდეგ შემთხვევაში ალს-ს შემთხვევები ასეთი სისხშირით სხვაგანაც უნდა გვხდებოდეს". სპორტის სხვა სახეობებიდან, მაგალითად ველოსპორტიდან ამ დაავადების შემთხვევები ცნობილი არ არის. როდესაც ბოჩოლინიმ გაზეთებში გალდიოლოს ავადმყოფობის შესახებ წაიკითხა, მაშინვე ახალი გამოძიება წამოიწყო და არა მარტო იმიტომ, რომ ეს შემთხვევა მას ძალიან აგონებდა უკვე ნანახს. ყველაფერი კი იმ დღეს დაიწყო, როდესაც მის სამუშაო ოთახში მგლოვიარე ქვრივი შემოვიდა.


ამ ქალს გაბრიელა ბეატრიჩე ჰქვია. მისი უბედურების სათავე დიდი ხნის წინანდელ ამბებს უკავშირდება და მას ეს ამბები უკვე ბევრისთვის აქვს მოთხრობილი. ამის გამო ის თავიდან დინჯად და დალაგებულად საუბრობს, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ მრისხანება იპყრობს- ახლაც კი, თუმცა მისი ქმარი ოცდასამი წლის წინ დაიღუპა. " ეს ხომ ფეხბურთელთა მიზანმიმართული განადგურებაა" - ამბობს გაბრიელა გაბრაზებული ტონით. ის იხსენებს, თუ რამდენად ხშირად ურეკავდა სამოცდაათიან წლებში შეკრებებზე მყოფი ბრუნო ბანაკიდან და რომ მას ამ საუბრების ერთი წუთიც კი წლებად ეჩვენებოდა. ისინი მართლაც დიდხანს გრძელდებოდა, ხანდახან საათნახევარიც კი, სანამ გუნდის ექიმების მიერ მის ვენაში ჩადგმული წვეთოვანით სითხე სხეულში მთლიანად არ შევიდოდა. " როცა გარდაიცვალა, პირიდან ქაფი გადმოუვიდა და ბოლოს ვეღარც კი ვიცანი, რადგან იმ კაცის აჩრდილსღა თუ ჰგავდა, რომელიც ოდესღაც ჩემი ქმარი იყო. ის ბრუნო, რომელსაც ვიცნობდი, გაქრა, სამაგიეროდ მის მარცხენა მკლავზე დარჩენილი სამი ნანემსარი არასოდეს დამავიწყდება" - გვეუბნება გაბრიელა.


No comments: